ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებს სახეობათა ტელემეტრიული კვლევის მიმართულებით სწავლება ჩაუტარდათ

ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებს სახეობათა ტელემეტრიული კვლევის საკითხების გაცნობის მიზნით სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტელემეტრიული მონიტორინგი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ამავე დროს რთული მეთოდია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რეალურ დროში იქნეს მიღებული მონაცემები ცხოველების გადაადგილებასა და ჰაბიტატის მდგომარეობის შესახებ.

სწავლება ჩაატარა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის წარმომადგენლობამ. ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს WWF კავკასიის პროგრამის ოფისის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა.

სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. საველე გასვლის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს ლეოპარდის პოტენციური საბინადრო გარემო, სადაც პრაქტიკაში გაეცნენ ტელემეტრიული მონიტორინგის აპარატურის გამოყენების მეთოდებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ალგეთის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა ლეოპარდი დააფიქსირა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობენ საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიმართულებით. დაცულ ტერიტორიებზე უწყვეტად მიმდინარეობს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები. ტელემეტრიული კვლევების განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ველური ბუნების დაცვისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები