დავით კოდუა: ზუგდიდისთვის დახარჯული თითოეული თეთრი მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი უწყებების მიერ – ის, რაც პროექტით გათვალისწინებულია, უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით შესრულებული

“ზუგდიდისთვის დახარჯული თითოეული თეთრი მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი უწყებების მიერ,” – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, დავით კოდუამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო რესურსი მთლიანად იქნება მიმართული პროექტების ხარისხიან შესრულებაზე.

„ზუგდიდისთვის დახარჯული თითოეული თეთრი მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი უწყებების მიერ. სახელმწიფო რესურსი მთლიანად იქნება მიმართული პროექტების ხარისხიან შესრულებაზე. ის, რაც პროექტით გათვალისწინებულია, უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით შესრულებული”, – განაცხადა დავით კოდუამ.

ზუგდიდის მერის განმარტებით, გაძლიერდება პროექტებზე ზედამხედველობა, ყველა კონტრაქტორს, მიმდინარე პროექტზე ადგილზე ეყოლება ინჟინერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამუშაოების სწორად წარმართვაზე.

„არის პროექტები, რომლებიც დავახარვეზეთ. ამ პროექტებს, ამჟამად არსებული მდგომარეობით, არცერთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი არ ჩაიბარებს – არცერთ ხარვეზიან პროექტზე არ ვიქნებით კომპრომისული. ხარვეზები უნდა გამოსწორდეს – თუ შესრულებული სამუშაოები 100 პროცენტით არ იქნება შესაბამისობაში პროექტში მოცემულ დოკუმენტთან, არ მოხდება ჩაბარება. დღეს ყველა პრობლემურ პროექტზე კონტრაქტორ კომპანიებს დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია და გავაცანით ჩვენი მიდგომები და მოთხოვნები. ჩვენ ვქმნით მუნიციპალური კონტროლის ახალ სტანდარტს. არავის მივცემთ უფლებას, ხალხისთვის გამოყოფილ პროექტებსა და რესურსს არაკეთილსინდისიერად მიუდგეს”, – აღნიშნა დავით კოდუამ.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სამუშაოების ვადების დაცვაზე. დავით კოდუამ ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამშენებლო კომპანიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეფექტიანი კომუნიკაცია, კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ყველა მხარისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.

შეხვედრას ზუგდიდის მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები