ბრალდებულები ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას იმგვარად ახდენდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თაღლითური სქემა გამოავლინეს და ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული მ.ქ. დააკავეს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა სადაზღვევო კომპანიებისგან და ავტომობილების მძღოლებისგან, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თაღლითური სქემა შეიმუშავეს.

სქემის მიხედვით, ბრალდებულები წინასწარ შერჩეულ ადგილებში, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების გამოყენებით, ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას იმგვარად ახდენდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ, ზიანის სანაცვლოდ კი, ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მძღოლებისგან, ასევე, ავტომობილების დამზღვევი კომპანიებისგან დიდი ოდენობით თანხები მიეღოთ.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, ქალაქ რუსთავში, მატერიალური სარგებლის მიღების განზრახვით განხორციელებული შეჯახების ფაქტზე გამოავლინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.

ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულები მსგავსი სახის რამდენიმე ათეულ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტში მონაწილეობენ.

საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა შესაძლო პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები