მიხეილ გიორგაძე საკრებულოს ისტორიული შენობის საზეიმო გახსნას დაესწრო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე “თბილისობის” დღესასწაულის ფარგლებში საკრებულოს ისტორიული შენობის საზეიმო გახსნას დაესწრო. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია მეორე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, საპატიო სტუმრები და სასულიერო პირები.
“თბილისის მერმა დავით ნარმანიამ “თბილისობის” დღესასწაულის ფარგლებში საპატიო თბილისელები და თბილისზე მზრუნველი ადამიანები დააჯილდოვა. “საპატიო თბილისელის” წოდება 10 ადამიანს მიენიჭა. მათ შორის კულტურის სფეროს მოღვაწეებს – ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელს, ლოტბარ ანზორ ერქომაიშვილს, კომპოზიტორ გურამ ბზვანელს, მსახიობ კახი კავსაძეს, მწერალ ბაჩანა ბრეგვაძეს და “ქართული ხმების” სოლისტს გია ჭირაქაძეს. “საპატიო თბილისელის” წოდება ასევე გადაეცათ – თბილისის მეტროსადგურის პროექტების ავტორს – ლამარა აბაშმაძეს, პროფესორს, მეცნიერებათა დოქტორს ივა ბერაძეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს, ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს და მეცნიერ გივი ღამბაშიძეს.
ღონისძიების დასასრულ, გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ქართული ანსამბლები. სცენაზე სტუმრებისთვის ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა, მეუღლესთან და ანსამლ „ორერასთან“ ერთად „სულიკო“ შეასრულა.
25 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი.
თბილისობის დღესასწაული 1979 წლის 28 ოქტომბრიდან ტრადიციულად შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლო კვირას აღინიშნება.
კულტურის სამინისტრო ულოცავს ყველას „თბილისობის“ დღესასწაულს”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.