ტრამპი: ჩინეთის პრეზიდენტთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა, სი ძინპინმა აპრილში პეკინში მიმიწვია

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამხრეთ კორეაში შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.

„ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ ბევრი თემა განვიხილეთ, მათ შორის უკრაინა/რუსეთი, ფენტანილი, სოიო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ა.შ. ჩვენ კარგ და ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის – და ის მხოლოდ გაუმჯობესდება. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ძალიან ძლიერია! ეს ზარი სამი კვირის წინ სამხრეთ კორეაში ჩვენი ძალიან წარმატებული შეხვედრის გაგრძელება იყო. მას შემდეგ ორივე მხარეს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მიღწეული ჩვენი შეთანხმებების აქტუალურობისა და სიზუსტის შენარჩუნების კუთხით. ახლა ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ყურადღება დიდ სურათზე გადავიტანოთ. ამ მიზნით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა აპრილში პეკინში მიმიწვია, რასაც დავთანხმდი და მეც ვუთხარი, რომ ის წლის ბოლოს აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტით ჩემი სტუმარი იქნება. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, ხშირად დავუკავშირდეთ ერთმანეთს, რასაც მოუთმენლად ველი“, – წერს ტრამპი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები