თამარ იოსელიანი: სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივანთან განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები როგორც საზღვაო, ისე ავიაციის სფეროში, მათ შორის პირდაპირი ფრენების მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივან ლაუ პიტ მენგთან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრა ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში შედგა.

საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საზღვაო დიგიტალიზაციის, მწვანე პორტების განვითარებისა და მდგრადი ტრანსფორმაციის მიმართულებით – შეხვედრისას მხარეებმა ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს. ამასთან, ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სისტემებს, ჰიდროგრაფიულ მომსახურებებს, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ინოვაციურ პროექტებს.

„ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით შუა დერეფნის, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი საკვანძო სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის და მისი განვითარების პროცესში საქართველოს მნიშვნელობას. მივესალმებით სინგაპურის გამოცდილების გაზიარებას პორტების ეფექტიანობისა და ლოგისტიკის ოპტიმიზაციის სფეროში“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სინგაპურის ტრანსპორტის სამინისტროს მუდმივ მდივანთან შეხვედრისას ასევე განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საკითხი. თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებულ ზრდის დინამიკასა და ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით გაწეულ სამუშაოზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა – რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ – 6 556.

„შეხვედრისას საუბარი ასევე წარიმართა ისეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, როგორებიცაა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და მათ როლზე ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის ზრდის თვალსაზრისით“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო მზადაა სინგაპურთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დიგიტალიზაციას, მწვანე განვითარებას, უსაფრთხოებასა და საზღვაო ინოვაციას. როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველო  კომპლექსურ ციფრულ რეფორმებს ახორციელებს, მათ შორის Maritime Single Window-ისა და Port Community System-ის განვითარებას. მისი თქმით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინგაპურის გამოცდილება სრულად ინტეგრირებული ციფრული პორტის ეკოსისტემის შექმნის საკითხში.

„საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს თანამშრომლობას და ხედავს ძლიერ პოტენციალს პარტნიორობის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში  მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს საზღვაო სექტორში“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა სინგაპურელ კოლეგასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები