“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ემიგრანტის მიერ საარჩევნო უფლების გააზრებულად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განხორციელება” – მათიკაშვილი
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ემიგრანტის მიერ საარჩევნო უფლების გააზრებულად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განხორციელება – იმ პირობებში, როდესაც სხვა ქვეყანაში მყოფი ამომრჩევლები უცხო ქვეყნის იურისდიქციაში იმყოფებიან, მათი ნების თავისუფლად გამოვლენის უზრუნველყოფა ეფექტურად ვერ ხორციელდება!”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ახალი “საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ სიახლეს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ადგილობრივი არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ საქართველოში გაიმართება და საარჩევნო უბნები უცხოეთის სახელმწიფოებში აღარ გაიხსნება.
“საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების ფონზე, საპარლამენტო არჩევნების როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს ის ძირითადი არჩევნებია, რომელიც ყველა სახელისუფლო რგოლს აყალიბებს – სწორედ ამ რესურსის გამოყენებით ხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, შემდეგ პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს. მთელი აღმასრულებელი ხაზი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე მოდის. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველა თანამოქალაქის მიერ გააზრებული გადაწყვეტილების მიღება, რომელზეც არ იქნება არც პირდაპირი და არც ირიბი ზეწოლა, რაც ბუნებრივად ხდება, როცა ესა თუ ის ადამიანი უცხო ქვეყნის იურისდიქციაში იმყოფება. საკუთარ სამშობლოსთან, იქ არსებულ მდგენელთან აქტიური ურთიერთობა ქმნის გააზრებული და გათვიცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს უწყობს საზღვარგარეთ თავისუფალი ნების გამოვლენის ხელის შეშლის პრევენციას. ჩვენი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს ვერ მოსთხოვს არჩევნების იმ პირობებში ჩატარებას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.