“ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დროს ჩამოყალიბდა” – გია ვოლსკი

“ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დროს ჩამოყალიბდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაცია” კონსტიტუციურ მოთხოვნას არ შეესაბამება.

„რასაკვირველია, ძვირს ვერცერთზე ვიტყვი, ვინც იქ მუშაობდა, განსაკუთრებით თამაზ ბესტავზე. კარგი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი, პატრიოტი ადამიანები არიან, თავისი ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგულები, მაგრამ სტრუქტურაა თვითონ ანტიკონსტიტუციური. დიდი ხანია, ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს. ჩვენ შევინარჩუნებთ და ხელს შევუწყობთ ადმინისტრაციებს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების დროს ჩამოყალიბდა. სავალდებულოა, რომ ყველაფერი კონსტიტუციის შესაბამისობაში მოვიყვანოთ. სავალდებულოა, რადგან, ფაქტობრივად, “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა” არ არსებობს და არც ადმინისტრაცია შეიძლება არსებობდეს. მით უმეტეს, კონსტიტუციაში არ არის გაწერილი. მადლობა ყველას, ვინც იქ იმუშავა. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მათ ინტელექტუალურ რესურსს მომავალშიც გამოიყენებს, მაგრამ ვალდებულება, რომ კანონი და საკონსტიტუციო მოთხოვნები იყოს შესაბამისობაში მოყვანილი, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია” უქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები