მუხიანის აგარაკებზე სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე სანიაღვრე კოლექტორს აწყობს. პროექტი ნეკრესის, სვანეთის, ერთობისა და ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის გასწვრივ ხორციელდება.

მუხიანის აგარაკებისთვის აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული კოლექტორი ხსენებული ქუჩებიდან წამოსული უხვი ნალექის მიღებასა და გატარებას შეძლებს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული დასახლების მოწესრიგება, სადაც არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია არ არსებობდა, რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. გვქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა და გადაადგილება წვიმიან ამინდში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა იმის გამო, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. პირველ რიგში, დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების დაქსელვა და საგზაო პროექტების განხორციელება. მაგალითად, 2025 წელს რვა ქუჩა დავქსელეთ და მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრაქტრუქტურა. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექვსი მარშრუტი ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას. ამჟამად, დასახლებაში ეწყობა ცენტრალური კოლექტორი, რაც აღნიშნული ტერიტორიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ადგილობრივებმა რამდენიმე თვის წინ მოგვმართეს თხოვნით, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელებულიყო. უხვი ნალექის დროს უდიდესი პრობლემის წინაშე იდგა მოსახლეობა – ზემოდან წამოსული წყალი აღნიშნული ოჯახების ეზოებში შედიოდა და იტბორებოდა სახლები. ცენტრალური კოლექტორი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პრობლემა სრულად მოგვარდეს. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები, დაახლოებით, 2 400 გრძივ მეტრზე ჩატარდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 600 000 ლარამდე დაიხარჯება.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები