შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის კომპლექსური საინვესტიციო პროექტი, რომელიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის, სურსათის, ბუნებისა და სოფლის განვითარების სექტორის გაძლიერებაზე.

„საინვესტიციო პროექტი მოიცავს დასავლეთ საქართველოში არსებულ სადრენაჟე სისტემების მდგომარეობის შეფასებას, მათი რეაბილიტაციის პოტენციალსა და მიზანშეწონილობას. ინფორმაციისა და მოსაზრებების გაზიარებასთან ერთად, მხარეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

შეხვედრის შემდგომ, სადრენაჟე არეალების დათვალიერების მიზნით, აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდნენ.

პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული შეფასებები საფუძვლად დაედება ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რომელიც უზრუნველყოფს სტრატეგიული რეკომენდაციების გაცემას სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები