გაერთიანებული სამეფო მკაცრ საიმიგრაციო რეფორმებს აცხადებს
გაერთიანებული სამეფო ახალი საკანონმდებლო პაკეტით საიმიგრაციო წესებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს,- ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში ვრცელდება.
მთავრობის განცხადებით, რეფორმების მთავარი მიზანია ქვეყანაში მიგრაციის შემცირება, სისტემის მეტი გამჭვირვალობა და კონტროლი.
გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების ფარგლებში გაუქმდება გარკვეული თავშესაფრის მაძიებლებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფის კანონიერი ვალდებულება, მათ შორის საცხოვრებლითა და ყოველკვირეული დახმარებებით. სამინისტროს ხელმძღვანელის, შაბანა მაჰმუდის თქმით, ეს ზომები გავრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ, მაგრამ არ სურთ. მისი თქმით, ზომები ასევე შეეხება მათ, ვინც კანონს არღვევს.
„ჩვენი სისტემა განსაკუთრებით გულუხვია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით – ხუთი წლის შემდეგ ადამიანი, ფაქტობრივად, ავტომატურად სახლდება ამ ქვეყანაში. ჩვენ ამას შევცვლით“, – განაცხადა მაჰმუდმა.
უსაფრთხოების მიმართულებით გამკაცრებულია დეპორტაციის წესები. ხელისუფლების თქმით, ცვლილებები შეფასებულია როგორც აუცილებელი ნაბიჯი ქვეყნის დასაცავად იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომელთაც აქვთ კრიმინალური ისტორია. პარალელურად, მიმდინარეობს საზღვრის კონტროლის გაძლიერება და ელექტრონული საიმიგრაციო სტატუსის სისტემის დანერგვა, რომელიც ვიზების მონიტორინგს გაამარტივებს.
ოფიციალური ლონდონი აცხადებს, რომ რეფორმები შექმნის „მიგრაციის მართვის ახალ, სტრატეგიულ მოდელს“, თუმცა, მედიის ცნობით, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სიმკაცრე შესაძლოა უარყოფითად აისახოს იმ სექტორებზე, რომლებიც უცხოელ სამუშაო ძალაზე არიან დამოკიდებული.