აშშ-მა ოთხი ევროპული ანტიფაშისტური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა

აშშ-ის მთავრობამ ოთხი ევროპული ანტიფაშისტური ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.

როგორც საერთაშორისო მედია წერს, აღნიშნული ქმედება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კონსერვატიული აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ ულტრამემარცხენეების წინააღმდეგ მიმართული ზომების ნაწილია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიაში დაფუძნებულ „ანტიფა ოსტს“, იტალიაში დაფუძნებულ „საერთაშორისო რევოლუციურ ფრონტს“ და საბერძნეთში მოქმედ ორ დაჯგუფებას, „შეიარაღებულ პროლეტარულ სამართლიანობას“ და „რევოლუციური კლასის თვითდაცვას“, გლობალურ ტერორისტებად გამოაცხადებს.

„ამ მოძრაობასთან დაკავშირებული ჯგუფები რევოლუციურ ანარქისტულ ან მარქსისტულ იდეოლოგიებს მიაკუთვნებენ, მათ შორის ანტიამერიკანიზმს, „ანტიკაპიტალიზმს“ და ანტიქრისტიანობას, და ამ იდეოლოგიებს იყენებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ძალადობრივი თავდასხმების წასახალისებლად და გასამართლებლად. შეერთებული შტატები გააგრძელებს ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებას ჩვენი ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად“, – თქვა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ ჯგუფებს ბრალი ედებათ „შეთქმულებაში, რათა თავიანთი სასტიკი თავდასხმებით შეარყიონ დასავლური ცივილიზაციის საფუძვლები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები