ნიკოლოზ სამხარაძე – ქართული პოლიტიკისთვის ცუდია, როდესაც ოპოზიციას განცხადების ტექსტს გარე ძალები უწერენ

„ქართული პოლიტიკისთვის ცუდია, როდესაც ოპოზიციას განცხადების ტექსტს გარე ძალები უწერენ,”- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციური ძალები არსებობდნენ.

„ქართული საზოგადოებისთვის სიახლე არ არის და მათ კარგად იციან, რომ ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური ოპოზიცია, ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს ისე, რომ უცხოეთთან არ შეათანხმოს. ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ ისინი თავად ასეთ მარტივ განცხადებასაც ვერ წერენ. განცხადებას, რომელიც უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან რუსთაველზე ჩამოსეირნებას ეხება. ამ განცხადებაშიც კი უცხოელები ეხმარებიან, რაც საგანგაშო ვითარებაა, რადგან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია და ჯანსაღი ოპოზიციური ძალები არსებობდნენ. როდესაც ჩვენს ოპოზიციას ასეთ მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს, კარნახობს და შემდეგ ამ განცხადებით ქართველ საზოგადოებას ესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვერანაირი შანსი და შესაძლებლობა ვერ ექნება, ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს, ან ჯანსაღად აკრიტიკოს. ეს ძალიან ცუდი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში და იმედი მაქვს, რომ მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან. პოლიტიკური ძალები იქნებიან, რომლებიც განცხადებასაც თავად დაწერენ, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც თავად დაგეგმავენ და ხელისუფლებასთან ოპონირებაშიც თავად შეძლებენ კონკრეტულ თემებზე დისკუსიის გამართვას. ეს ქართული დემოკრატიისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები