პაპუაშვილი – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე: სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ წინ უნდა გავიხედოთ და რეგიონის, როგორც საერთო სივრცის განვითარებაზე ვიფიქროთ
„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ წინ უნდა გავიხედოთ და რეგიონის, როგორც საერთო სივრცის განვითარებაზე ვიფიქროთ,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სომხეთიც და აზერბაიჯანიც სწორ პოლიტიკას ატარებენ იმ მხრივ, რომ ცდილობენ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ ყველა მიმართულებით, ყველასთან ითანამშრომლონ.
„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ წინ უნდა გავიხედოთ და რეგიონის, როგორც საერთო სივრცის განვითარებაზე ვიფიქროთ, ყველამ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ იმ საქმეში, რომელიც თითოეული ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ამ მხრივ ვხედავთ, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც სწორ პოლიტიკას ატარებენ იმ მხრივ, რომ ცდილობენ, საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ ყველა მიმართულებით, ყველასთან ითანამშრომლონ. არ იქცევიან ისე, როგორც ჩვენი გარედან მართული რადიკალური ოპოზიცია ფიქრობს ხოლმე, რომ არ უნდა გაიხედო არსაითკენ და მხოლოდ ბრიუსელის მითითებებს დაელოდო. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზეც გვექნება საუბარი, როგორ აფასებენ ისინი რეგიონში არსებულ დინამიკას და რა საერთო გეგმები გვაქვს ამ მხრივ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი იმყოფება.