პაპუაშვილი – „ჰერტის სკოლის“ მიერ გიორგი გახარიას დასაქმებაზე: ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომლის მიზანია საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების დაქირავება იმისთვის, რომ გაატარებინონ თავიანთი დღის წესრიგი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ჰერტის სკოლის“ მიერ გიორგი გახარიას დასაქმებას გამოეხმაურა.
„ამ სკოლას პირდაპირ ხელფასზე აჰყავს ქართველი პოლიტიკოსი და ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის მათ შორის ეს ყველაფერი გაფორმებული. თითქოს, მან უნდა აწარმოოს კვლევა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და მისი დაფინანსება ასევე მოიცავს მის ვიზიტებს და ინტერვიუებს ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან.
პირდაპირ ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება. გასაგებია, რომ ეს ე.წ. ინტერვიუები სინამდვილეში არის სამივლინებო ხარჯები მისთვის, რომ იაროს სხვადასხვა დედაქალაქში, ბრიუსელში და ჰქონდეს პარტიული შეხვედრები ევროკომისიისა თუ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. ასე რომ, პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომლის მიზანია საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების დაქირავება იმისთვის, რომ გაატარებინონ თავისი დღის წესრიგი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.