პროკურორი: ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტების უხეში დარღვევით ახორციელებდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას
,,ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტების უხეში დარღვევით ახორციელებდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას”,- ამის შესახებ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის, ვლადიმერ სტეფანიანის საქმის პროკურორმა, დავით კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
„კრისტალ ჯგუფის” მფლობელი, ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტების უხეში დარღვევით ახორციელებდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, რომლის მიზანიც მეტი შემოსავლის მიღება იყო. მხოლოდ 1 კორპუსიდან შემოსავალი 1 890 000 ლარს აღემატება. ჯამში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების დარღვევით აშენებულია 5 კორპუსი, შესაბამისად საბოლოოდ დადასტურდება, რომ უკანონო შემოსავალი რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება. მასალებით დასტურდება და თავად ბრალდებულიც ადასტურებს, რომ ბაკურიანში ინფრასტრუქტურის განვითარება შესაბამისი „დაბა ბაკურიანის განაშენიანების” გეგმის შესაბამისად ხორციელდება, საიდანაც თავდაპირველი ნებართვა გაიცემოდა და ის უხეშად, თვითნებურად რამდენიმე სართულის დაშენებას ახორციელებდა კორპუსზე. გამოძიების ინტერესს, ასევე მშენებლობის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მხრიან შესაბამისი სამართლებრივი გადაცდომის საკითხიც წარმოადგენს. დასტურდება, რომ სისტემატურად ხორციელდებოდა უკანონო მშენებლობა. ამ ფაქტის რევიზია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოიკვეთოს სხვა ნებისმიერი პირის სამართლებრივი გადაცდომის საკითხი.
ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მხრიდან იყო კონკრეტული რეაგირება, რომ რამდენჯერმე არის ის დაჯარიმებული.
მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 1 კორპუსი სანებართვო პირობების დარღვევით არის აშენებული, მსგავსად შესწავლის საგანია 4 საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სანებართვო პირობების დარღვევით არის განხორციელებული. ასევე, შესწავლის საგანია სათხილამურო ტრასა, საბაგირო ინფრასტრუქტურა, „ტოპოგანი”.
ასევე, ტყის მასივის ნაწილის გაჩეხვის ფაქტებიც ფიქსირდება, საბაგიროს მოწყობისთვის და არის შესაბამისი დასკვნები და ტყის სააგენტოს მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა”,- განაცხადა დავით კაპანაძემ.
ცნობისთვის, ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ვლადიმერ სტეფანიანი არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.