გიორგი ჯინჭარაძე ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის საპილოტე პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო

აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის მხარდამჭერი საპილოტე პროგრამა დაიწყო, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება, – ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და პირველ ბენეფიციარებს შეხვდა.

გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ვეტერანების მხარდაჭერა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ყველაფერი კეთდება მათი კეთილდღეობისთვის.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდა ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელთა ბენეფიციარები დღეს მოვინახულე. მიხარია, რომ ასეთი კარგი საპილოტე პროგრამა გამოვიდა და სამომავლოდ, აფხაზეთის მთავრობა ყველა იმ პროგრამას, რომელიც ახალი წლიდან განახორციელებს მორგებული იქნება ჩვენი დევნილი მოსახლეობის საჭიროებასა და კეთილდღეობაზე“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ვეტერანთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე, მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები იმყოფებიან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური თერაპიის სესიები, ფიზიკური რეაბილიტაცია და შესაბამისი კონსულტაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები