1-ელი ნოემბრიდან N306 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
1-ელი ნოემბრიდან N306 ხაზზე მგზავრებს 18-მეტრიანი 20 ერთეული ავტობუსი მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ხაზზე, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ასევე შეიცვლება მარშრუტიც და ავტობუსები დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე იმოძრავებენ.
,,MAN-ის მარკის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა.
კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას. ავტობუსები დაბალიატაკიანია და აქვს ოთხი ასასვლელი კარი.
ამ ეტაპისთვის, 18-მეტრიანი ავტობუსი გადანაწილებულია რამდენიმე მარშრუტზე, ხოლო დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 111.1 მლნ ევროს შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.
