დავით სონღულაშვილი: თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრებზე ყველა იმ გამოწვევის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აჭარის რეგიონში იმყოფებოდა. შეხვედრები გაიმართა სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან, სადაც ყურადღება გამახვილდა მიმდინარე საქმიანობაზე, სამომავლო გეგმებზე და არსებულ საჭიროებებზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე ზუთხის საშენ მეურნეობაშიც იმყოფებოდა, სადაც ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა.
„რეგიონებში სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, დღეს ბათუმში, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში კვლევების მიმდინარეობის და სამომავლო გეგმების საკითხები განვიხილეთ. აღნიშნულ ლაბორატორიებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის მიმართულებით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარაში პრიორიტეტული მიმართულებაა შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. აჭარის რეგიონში მალე დასრულდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამმართველოს ოფისის სარემონტო სამუშაოები. მაქსიმუმი კეთდება სამმართველოში შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნისთვის.
„ჩვენი უწყებების თანამშრომლებთან გამართულ სამუშაო ფორმატის შეხვედრებზე ყველა იმ გამოწვევის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც აქტუალურია და საჭიროებს დროულ რეაგირებას. ასეთი შეხვედრები კი, ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების საუკეთესო შესაძლებლობაა.
გარდა ამისა, შეხვედრა გვქონდა თევზის მწარმოებლებთან. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოტენციალი და მისი გამოყენება უნდა შევძლოთ. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში ფუნქციონირებს სახელმწიფო ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და, ძირითადად, თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით მუშაობს. ჩვენი მიზანია, მეთევზე ფერმერებს მივცეთ საშუალება, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.