2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ით, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ – 6 556, – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯამურად, საწყის 9 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (24 348) რაოდენობას.
„იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (5 682 304) რაოდენობას 14%-ით აღემატება. ცალკეულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 067 202 მგზავრს, რითაც ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 12%-ი შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 407 814 მგზავრი, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, 9 თვეში აეროპორტი მოემსახურა 995 099 მგზავრს, რაც 32%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.
სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა მესამე კვარტალშიც. ჯამურად, განვლილ 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25 905.200 ტონა შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა. გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საერთო მაჩვენებლებიც. კერძოდ, 2024 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) გაიზარდა 5%-ით. სულ, იანვარ-სექტემბერში 229 972 ერთეული ფრენა დაფიქსირდა.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 065 618 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
Wizz Air Hungary – 17% (1 065 618 მგზავრი);
Georgian Airways – 8% (509 238 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (458 370 მგზავრი);
Pegasus – 7% (453 550 მგზავრი);
Red Wings – 6% (408 018 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 6% (358 291 მგზავრი);
Azimuth – 4% (258 586 მგზავრი);
EL AL – 4% (255 460 მგზავრი);
Israir – 3% (204 645 მგზავრი);
Fly Dubai – 3% (182 703 მგზავრი)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.