თურქეთში მომხდარი 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა – დაინგრა შენობები(ფოტო,ვიდეო)

თურქეთის დასავლეთით, ბალიქესირის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 6.1 მაგნიტუდა შეადგინა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს (AFAD) ინფორმაციით, ბიძგების სიღრმე დაახლოებით 6 კილომეტრი იყო.

მიწისძვრა იგრძნობოდა არა მხოლოდ ბალიქესირში, არამედ მეზობელ პროვინციებშიც — მათ შორის სტამბოლში, იზმირში და ბურსაში.

ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების შემთხვევები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. დაშავებულია, სულ მცირე, 22 ადამიანი.

რამდენიმე შენობა, რომელიც უკვე დაზიანებული იყო წინა მიწისძვრების დროს, საბოლოოდ ჩამოინგრა. სამაშველო ჯგუფები კვლავ აგრძელებენ ნანგრევების შემოწმებას.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამაშველო და სამედიცინო სამსახური. მისი თქმით, „ქვეყნის ყველა უწყება კოორდინირებულად მოქმედებს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“

ამასთან, ბალიქესირის გუბერნატორმა ისმაილ უსთაოღლუმ აღნიშნა, რომ სკოლები, სპორტული დარბაზები და მეჩეთები ღიაა მოსახლეობის დროებითი თავშესაფრისთვის, რადგან რეგიონში ძლიერი წვიმა ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები