„ოპონენტებს სურთ, სასამართლოს განაჩენს პოლიტიკური ელფერი შესძინონ"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს აფასებს. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ოპონენტები მაინც ცდილობენ, კრიმინალურ საქმეს პოლიტიკური სარჩული დაუდონ.
“თუ რამე გამოირიცხა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, სწორედ ის, რომ არ არის პოლიტიკური მოტივით შექმნილი საქმე. ეს საქმე არის კონკრეტული კრიმინალური ქმედება, რომელიც იყო ჩადენილი. ჩვენს ოპონენტებს მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის ელფერის შეძენა სურთ. სასამართლომ თქვა, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. ეს იყო კონკრეტული დანაშაულებრივი სქემა.
დამოუკიდებელად მოქმედი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. სხვა დროსა და სხვა პერიოდში ამ ტიპის ქმედებებზე, ძალიან კარგად მახსოვს, რა მასშტაბის სანქციები იყო გამოყენებული”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ე.წ. დასაქმების საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 50 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.