მაია ბითაძე – ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვას, წინ გადადგმული ნაბიჯია – თავად ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად

“ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია – ყველა კითხვას, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე განაცხადა.

მისივე თქმით, “ის, რომ დღეს ასეთი რეზონანსულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნება” ნამდვილად ცდილობს, ქვეყანაში არ იყოს კორუფცია”.

“რეალურად, ემოციურად ნამდვილად მძიმეა ისაუბრო ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე, ამ შემთხვევაში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე. ყველა კითხვას, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. იმედი მაქვს, რომ გამოძიების მიმდინარეობის და სასამართლო პროცესების პარალელურად, სრულად გვექნება საშუალება იმისა, რომ მოვისმინოთ დეტალები, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახსნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ჩვენ მოვისმინეთ, იგი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან. ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ის, რომ ის უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ სრულიად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს მთელი ის პროცესი, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით წარმართავენ ძალოვანი სტრუქტურები“, – განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბრალი წარუდგინა. უწყების განმარტებით, ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მლნ ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რომლის უზრუნველყოფაც შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები