მაიკ ტაისონს რუსეთის მწერალთა კავშირში გაწევრიანება სურს

მსოფლიო კრივის ლეგენდამ მაიკ ტაისონმა რუსეთის მწერალთა კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა. შესაბამისი დოკუმენტები კავშირში უკვე გადაცემულია, – წერს „newsru.com“. გამოცემის ცნობით, დოკუმენტებთან ერთად გაგზავნილია ტაისონის ავტობიოგრაფიული წიგნი „ტაისონი. დაუნდობელი ჭეშმარიტება“, რომლის პრეზენტაცია ახლო მომავალში მოსკოვში შედგება. ცნობილი გახდა, რომ პრეზენტაციის ფარგლებში ტაისონს საზეიმოდ, თუმცა დაუსწრებლად რუსეთის მწერალთა კავშირში გააწევრიანებენ. ამის შემდეგ მისი წევრობის ბილეთი მოკრივეს ამირიკაში გადაეგზავნება. ამ აქციის ინიციატორი ცნობილი რუსი პრომოუტერი ვლადიმერ ხრიუნოვი გახდა. მისი თქმით, კავშირში გადაცემულია ტაისონის განაცხადი და მოკრივეს წიგნი.
ტაისონის რუსეთის მწერალთა კავშირში გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია მანამდეც გავრცელდა, რის შემდეგ კავშირის მმართველობის პირველმა მდივანმა გენადი ივანოვმა განაცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ხრიუნოვმა ეს ინფორმაცია საკუთარი პიარისთვის გაავრცელა. რაც შეეხება მაიკ ტაისონის წიგნს, მან უკვე მიიღო საერთაშორისო აღიარება და გამოცემული იყო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. გარდა ამისა, 9 ოქტომბერს მონაკოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ევროპული სპორტული ფესტივალი Monaco Sportel ჩატარდა, რომელზეც მოკრივეს ავტობიოგრაფიამ გრან-პრი და სპეციალური ჯილდო „ოქროს პოდიუმი“ დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები