თეონა აქუბარდიამ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დატოვა

“რამდენადაც გახარიას პარტიიდან უპარტიოდ ვიყრიდი კენჭს საპარლამენტო არჩევნებისას, დავტოვე ეს გუნდი სწორედ პარლამენტში პარტიის შემდგომი 12 წევრის შესაძლო შესვლის განცხადებიდან გამომდინარე, გიზიარებთ ჩემს პოზიციას ერთპარტიულ პარლამენტში სოზარ სუბარის გვერდით მათთვის განკუთვნილი ადგილების დაკავებასთან დაკავშირებით 1 წლის თავზე,” – ამის შესახებ თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს.

აქუბარდია აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც პარლამენტში მანდატების დაკავებასთან დაკავშირებით საუბრობს.

“რამდენადაც გიორგი გახარიას პარტიული სიით უპარტიოდ გახლდით არჩეული საპარლამენტო არჩევნების დროს, თუმცა მე ჩემი სიტყვა შევასრულე და ლეგიტიმაცია არ მივეცი არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტს, თავი ვალდებულად ჩავთვალე შემეფასებინა ის გადაწყვეტილება, რომელიც [გულისხმობს] ერთი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც უამრავი ადამიანი ციხეშია, ქვეყანაში ავტორიტარიზმია, სოზარ სუბარის გვერდზე პარლამენტში ადგილის დაკავებას. პირველ რიგში, ეს არის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ვერც პარტიას ვერ გადაარჩენს და ვერც რაიმე სხვა ტიპის შედეგს ვერ დადებს, რაც არ უნდა პრაგმატული იყოს ეს შედეგი, იმიტომ, რომ ამ ე.წ. პარლამენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის დაცვის ინტერესი და არა ხალხის.

ეს პარლამენტი დარჩება კიდეც ისტორიაში, როგორც ივანიშვილის რეჟიმის პარლამენტი და იქ მონაწილეობა არის დიდი პოლიტიკური შეცდომა, რომლის ფასსაც, დარწმუნებული ვარ, გადაიხდის როგორც პარტია, ისე თითოეული ის პირი, რომელიც იქ შევა. თუმცა, ლეგიტიმაცია, როგორც ასეთი, ივანიშვილის რეჟიმს მაინც არ ექნება, ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, რადგან ეს არის მკვეთრად ჩამოყალიბებული, ანტიდასავლური ძალა, რომელიც უპირისპირდება საკუთარი ხალხის არჩევანს და იმ კონსტიტუციას, რომელიც თავზე გადაახიეს ხალხს. ბუნებრივია, წინააღმდეგობა გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება არც პირველია საქართველოს უახლეს ისტორიაში და არც ბოლო და ისევე დასრულდება, როგორც აქამდე გვინახავს დასრულებული – პოლიტიკური ფასის გადახდით. მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ჩემი პოზიცია მეთქვა. ადამიანურად ძალიან ვწუხვარ, რომ ვუყურებ, თუ როგორ დაჰყვა ივანიშვილის რეჟიმის ნებას გუნდი, რომელიც ამბობდა, რომ ივანიშვილს დააკარგვინებდა ფულს და ძალაუფლებას,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები