„კბილაშვილის დროს თაროზე შემოდებული საქმეები დღევანდელი პროკურატურის პირობებში დაიძრა“

„ გახმაურებული საქმეები, რომლებიც კბილაშვილის პროკურორობის დროს თაროზე შემოიდო, დღევანდელი პროკურატურის პირობებში უკვე დაიძრა და ძიება წინ მიდის“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა.
ინაშვილის შეფასებით, თანამდებობრივი დაუდევრობა და დანაშაული იყო ის, რომ კბილაშვილის გენერალური პროკურორობის დროს,პროკურატურაში შესულ ათობით ათას საჩივარზე რეაგირება არ მოხდარა, საქმეები თაროზე შემოიდო და გამოძიება შეფერხდა.
„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა პროკურატურის დღევანდელი მუშაობა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, საქმეები, რომელიც თაროზე შემოდებული იყო, დღეს გამოძიების აქტიურ ფაზაშია.
„ როდესაც პროკუტურას არჩილ კბილაშვილი ხელმძღვანელობდა, ჩვენ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით 3 000- კაციანი აქცია გავმართეთ. პროკურატურაში 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ 22 000 -ზე მეტი საჩივარი შევიდა. იყო არაერთი მოწმე. რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებს ამხელდნენ, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ კბილაშვილის პროკურორობის პერიოდში საქმეები არ დაიძრა და თაროზე შემოიდო. შეფერხდა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები. ის, რომ არ დაიწყო ამ საქმეების ძიება, იყო თანამდებობრივი დაუდევრობა და დანაშაული. ამიტომაც მოვითხოვეთ კბილაშვილის გადადგომა. დღეს მე ვხედავ, რომ ეს გახმაურებული საქმეები დაიძრა ადილიდან, მიდის ძიება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროკურატურაში საქმეები არ „იკერება“. დიდი ყურადღება ეთმობა მტკცებულებების შეგროვების პროცესს“.- განაცხადა ირმა ინაშვილმა. ირმა ინაშვილის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან ძალიან კარგად და პროფესიონალურად იყო გამოძიებული ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის გახმაურებული საქმე, რომელიც არა მარტო მოწმეთა ჩვენებებს, არამედ სხვა წონად მტკიცებულებებსაც ეყრდნობოდა.
„ მტკიცებულებებით იყო გაჯერებული ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე. მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი იყო არა მარტო მოწმეთა ჩვენებები, არამედ ნივთმტკიცებები, ფოტომასალა, აუდიომასალა… ეს იყო ზღვა მასალა, რომელსაც დაეყრდნო ბრალდების მხარე. გახმაურებული საქმეების ბოლომდე მიყვანა არის ურთულესი პროცესი, რომელსაც ხელისუფლების ნება სჭირდება“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეში ბრალდებულ ორ პირს, ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს ბრალად ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით ახალგაზრდების მკვლელობა ედება. მათ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღნიშნულ საქმეში კიდევ ერთ ბრალდებულს, მეგის ქარდავას კი – 7 წელი და 6 თვე. ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსთავის #1 დაწესებულებაში პატიმრების ცემაში არიან ბრალდებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები