თბილისში ე.წ ყვითელი ავტობუსიდან შავკანიანი მამაკაცი „ჩააგდეს“

მწერალი ლელა კოდალაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ე.წ ყვითელ ავტობუსში მომხდარ ფაქტზე წერს. კოდალაშვილის ინფორმაციით, მგზავრებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შავკანიან მამაკაცს ებოლას ვირუსის საშიშროების გამო დაატოვებინეს. “ქართველების დიდი ნაწილი ხომ ისედაც ფიზიოლოგიური ზიზღით უყურებდა შავკანიანებს და მათთან ტრანსპორტში უნებურად შენახებ ადგილებს სახლში მოსვლისას სპირტით იწმენდდა…
ახლა კი, ამ ებოლათი დაბოლილმა ქართველებმა საბოლოოდ აიწყვიტეს… დღეს, პავლოვზე, ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ბიჭი. მძღოლმა სპეციალურად გააჩერა და საშუალება მისცა მგზავრებს, გადმოეგდოთ და თვითონაც მიაყოლა ერთი-ორი წიხლი. ამაოდ ყვიროდა ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო… ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს, ჩვენმა ვაჟკაცებმა საამაყო გურჯულ-ნაციონალური გინებაც მოაყოლეს, დავარდნილი ზურგჩანთაც თავში ესროლეს… მანდილოსნის შეყვირებაც ჩამესმა: ,,ღმერთო, შენ დაგვიფარე ებოლასაგან და ამ მაზუთიანებისაგან”… მეორე ქალი: ,,პიჯაკი რომ ჩაუცვია ამ გორილას”…
ამის მერე კი ავტობუსი ამერიკული „ბოევიკის“ პერსონაჟი ,,კადილაკივით“ მოწყდა ადგილს და გაუჩინარდა. დავარდნილი ბიჭი სანამ წამოდგებოდა, იქ მდგომნი შემოეცალნენ და, ვითარცა ქართველთ წესია, როგორც უცხო, ბინძურ, აქოთებულ ცხოველს, ისე დაუწყეს შორიდან ამრეზით ყურება“,- წერს ლელა კოდალაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ებოლას გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე ცალსახად არ არსებობს. რაც შეეხება პრევენციის მიზნით მიღებულ ზომებს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების აღრიცხვაზე აყვანა და მათზე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა ხდება. სპეციალისტები ამ ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებს 21 დღის განმავლობაში, ანუ საინკუბაციო პერიოდის დროს აკვირდებიან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია და ებოლას მახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნებათ. “საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან იღებს ყველა იმ რეკომენდაციას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ვირუსის შემოტანას და შემდგომ გავრცელებას. საქართველოში ებოლას გავრცელების რისკი დაბალია. ჩამოსულებს ურიგდებათ სამახსოვრო ბროშურები, სადაც ყველა იმ კლინიკის დასახელება და მისამართებია, რომლებსაც სიცხის ან სხვა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ. დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს შორის ჩვენთან, ძირითადად, ნიგერიიდან ჩამოდიან მოქალაქეები. ნიგერია ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ებოლას ვირუსი გააჩერა, იქ თვეზე მეტია დაინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, –აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე “კვირასთან“ საუბრისას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი მოსახლეობას ებოლას ვირუსისგან თავის დასაცავად ხელების ხშირად დაბანვას ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები