ვინ დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას – იმერლიშვილის განცხადება

28 ოქტომბერს, უშიშროების საბჭოს სხდომას, მუდმივი წევრების გარდა, ორი სახელმწიფო მინისტრი და 3 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ტოკიოში უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.
იმერლიშვილის განმარტებით, სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ და საბჭოს წევრებს განსახილველ საკითხზე ინფორმაციას მიაწვდიან პაატა ზაქარეიშვილი და ირაკლი ალასანია.
“იმ დაანონსებული ხელშეკრულების ფონზე, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოსალოდნელია, რომ გაფორმდეს და რომელიც არის აფხაზეთის ანექსიის მცდელობა, პრეზიდენტმა, როგორც ტერიტორული მთლიანობის გარანტმა, მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. სხდომაზე საუბარი იქნება თავდაცვის ღონისძიებების ერთობლივად, კოორდინირებულად დაგეგმვაზე. სხდომა გაიმართება სახელმწიფო კანცელარიაში, უშიშროების სბაჭოს აპარატის სათათბირო ოთახში”, – განაცხადა იმერლიშვილმა. მისივე ინფორმაციით, სხდომაზე მიწვეულია სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტიდან კი – საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები – თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე. ასევე მიწვეულია გენერალური შტაბის უფროსი. რაც შეეხება საკითხს, დაესწრება თუ არა სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, სხდომის თაობაზე ინფორმაცია საბჭოს ყველა მუდმივმოქმედ წევრს გადაეგზავნა. “პრემიერი არის საბჭოს მუდმივი წევრი. როგორც კი პრეზიდენტმა სხდომა დააანონსა, ყველა მუდმივ წევრს და ასევე მოწვეულ სტუმარს მე გადავუგზავნე ოფიციალური წერილი, სადაც მითითებული იყო სხდომის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი”, – აღნიშნა იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები