განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაცული ტერიტორიების სააგენტო შესაბამის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკაცეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. რთული მეტეოროლოგიური პირობები ზღუდავდა ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილებას; რკინის კონსტრუქციაზე მოწყობილ კიდულ ბილიკზე გავლა, უამინდობის დროს, გარკვეული ტიპის საფრთხეებს ქმნიდა.
“აღნიშნული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ოკაცეს კანიონზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ შესაბამისი სამუშაოები განახორციელა: მოეწყო მეხამრიდები და დამონტაჟდა სპეციალური დამცავი ბადეები, რომლებიც ამაგრებს კლდოვან ფერდობებს და ქვათაცვენის საფრთხეს ამცირებს.
ოკაცეს კანიონზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე გადაადგილება ახლა უკვე უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელია,”- წერია ინფორმაციაში.