შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა პატრულ-ინსპექტორებს ღირსეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი ყოველდღიური შრომა და პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში.
“გეკა გელაძეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამუშაო სივრცეები, მათ შორის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.
გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით, საპატრულო პოლიციის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა,”- წერია ინფორმაციაში.