საქართველოს სახალხო დამცველსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე ადვოკატებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2025 წლის 9-10 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების ბიუროს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაში უშუალოდ მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და იურიდიული დახმარების ბიუროს დირექტორი დავით სიმონია.
“სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მათ შორის, ეფექტიანი დაცვის უფლების რეალიზების ხარისხს ქვეყანაში. სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინა ამ უფლების ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი მიგნებები, იდენტიფიცირებული უფლების დარღვევის ფაქტები და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, სხვადასხვა უწყების მიმართ აპარატის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სისხლის სამართლის საქმეებში ნეიტრალური მტკიცებულებების პრობლემას, გაუთქმელობის ვალდებულების ფარგლებს, ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის კონფიდენციალური და შეუზღუდავი კომუნიკაციის ასპექტებს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული/დაპატიმრებული პირების დაცვის უფლებას და სხვა.
თავის მხრივ, ადვოკატებმა სახალხო დამცველის აპარატს მათ სამუშაო პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და დაცვის უფლების უკეთ რეალიზების მიზნით ხედვები გაუზიარეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და ადვოკატთა კორპუსს შორის კიდევ უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას. სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ (DAI) ფარგლებში გაიმართა,”- წერია ინფორმაციაში.