არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ყველამ ვიხილეთ ტელეეთერებიდან, ბრალდებულები როგორ აზიანებდნენ და ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის ბლოკირებას” – პროკურორი
“არსებობს არაერთი მტკიცებულება, როგორიც გახლავთ კადრები, რომლებიც ყველამ ვიხილეთ საჯაროდ ტელეეთერებიდან, ბრალდებულები როგორ აზიანებდნენ და ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის ბლოკირებას”, – ამის შესახებ პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ ოთხი პირის სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
როგორც პროკურორმა განმარტა, ამას გარდა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დასტურდება პირთა მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ოთხივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, მოგახსენებთ, რომ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მაგალითად როგორიც გახლავთ კადრები, რომლებიც ყველამ ვიხილეთ საჯაროდ ტელეეთერებიდან, ბრალდებულები როგორ აზიანებდნენ და როგორ ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის ბლოკირებას, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტია. აგრეთვე კადრებში ნათლად ჩანს, როგორ ძალადობდნენ ბრალდებულები სხვადასხვა პირებზე, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებზე. ამას გარდა გახლავთ ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დასტურდება პირთა მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.
მოწმეებად გახლავთ სხვადასხვა პირები, რომლებიც იძლევიან მამხილებენ ჩვენებებს, მათ შორის ვინც მიიღეს დაზიანებები ბრალდებულთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად. ამ შემთხვევაში დაზიანებულები არიან თანამშრომლები, ვინც იცავდნენ პრეზიდენტის სასახლეს.
თორნიკე მჭედლიშვილი გახლავთ ერთ-ერთი, ვინც მის ხელთ არსებული დაუდგენელი დიდი საგნის გამოყენებით, ჯოხი, დროშის ტარი თუ სხვა, უმოწყალოდ ახორციელებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას გარშემო მყოფ პირთა მიმართ“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.