იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ის და მისი ორი მინისტრი, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში იყვნენ წარდგენილნი.
იტალიის პრემიერს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს გენოციდში თანამონაწილეობის ბრალდებას უყენებენ.
მელონის ჟურნალისტებისთვის არ უთქვამს, თუ ვინ შეიტანა საჩივარი მისი და მისი მინისტრების წინააღმდეგ.
„მე არ მჯერა, რომ მსოფლიოში ან ისტორიაში მსგავსი შემთხვევა არსებობდეს“, – თქვა მელონიმ.
მისივე თქმით, „გაოცებული“ იყო გენოციდში თანამონაწილეობის ბრალდებით, რადგან „ყველამ, ვინც იცნობს სიტუაციას, იცის, რომ იტალიამ 7 ოქტომბრის შემდეგ არ დაუშვა ისრაელისთვის ახალი იარაღის მიწოდება“.
ამასთან, ისრაელი უარყოფს გენოციდის ბრალდებებს.
როგორც მედია აღნიშნავს, ბოლო კვირის განმავლობაში იტალიაში არაერთი დემონსტრაცია გაიმართა, რომლის დროსაც ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ღაზაში მასობრივი მკვლელობების გასაპროტესტებლად, ბევრი მომიტინგე ასევე მელონის წინააღმდეგაც გამოვიდა.