ჩიკაგოს მახლობლად მდებარე სამხედრო საწვრთნელ ცენტრში ტეხასიდან ეროვნული გვარდიის ასობით ჯარისკაცი ჩაიყვანეს, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს მხარი დაუჭირონ,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
როგორც მედია აღნიშნავს, ტრამპმა ჩიკაგო „საომარ ზონად“ მოიხსენია, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სიდიდით მესამე ქალაქში, ფედერალური იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლების წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა.
დანაყოფების განლაგება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე მოხდა. ილინოისის გუბერნატორმა ჯ.ბ. პრიცკერმა ტრამპის ადმინისტრაცია „ავტორიტარულ მარშში“ დაადანაშაულა.
“შტატი გამოიყენებს ყველა ბერკეტს ძალაუფლების ამ მიტაცების შესაჩერებლად“,- განაცხადა გუბერნატორმა.
ანონიმურმა წყაროებმა BBC-ის და CBS News-ს განუცხადეს, რომ ზოგიერთმა ჯარისკაცმა შესაძლოა თავისი დავალებები ოთხშაბათს დაიწყოს.
ტრამპი ამტკიცებს, რომ ჯარების გამოყენება აუცილებელია დემოკრატების მიერ კონტროლირებად ქალაქებში ძალადობის ჩასახშობად, დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და მისი დეპორტაციის ინიციატივების მხარდასაჭერად.
როგორც “ბიბისი” წერს, ეროვნული გვარდიის ჯარებს შეზღუდული ძალაუფლება აქვთ. ისინი არ აღასრულებენ კანონს, არ ახორციელებენ დაპატიმრებებს, ჩამორთმევებს ან ჩხრეკებს – მათი როლი, პირიქით, ფედერალური ოფიცრებისა და ქონების დაცვაა.