მოლაპარაკებების მესამე დღე – “ჰამასი” აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის “რეალური” გარანტიები სჭირდება
“ჰამასის” მაღალი თანამდებობის პირი და ეგვიპტეში მოლაპარაკებათა ჯგუფის ლიდერი, ხალილ ალ-ჰაია, აცხადებს, რომ ჯგუფს სჭირდება ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის „რეალური გარანტიები“, როგორც ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი, რომელიც ღაზაში ტყვეობაში მყოფი დარჩენილი 48 მძევლის დაბრუნებას ისახავს მიზნად.
როგორც უცხოური მედია წერს, მხარეები აგრძელებენ დისკუსიებს, რომლებიც ხარვეზების აღმოფხვრას და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზის განხორციელებას ისახავს მიზნად.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ აბდელატიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პროგრესირებს.
„შარმ-ელ-შეიხში, მშვიდობის ქალაქში, ისრაელისა და პალესტინის მხარეებს შორის მოლაპარაკებები პირველ ფაზაზე შეთანხმების მისაღწევად მიმდინარეობს”,- განაცხადა მან.
ამასთან, კატარის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი დიპლომატი, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი, ოთხშაბათს ეგვიპტეში, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.
მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებებს ასევე შეუერთდებიან ტრამპის ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი მრჩეველი, რონ დერმერი.