ღაზაში ომის დასრულებისა და აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით, არაპირდაპირი მოლაპარაკებები ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში დღეს გაგრძელდება.
პალესტინელმა და ეგვიპტელმა ოფიციალურმა პირებმა BBC-ს განუცხადეს, რომ შეხვედრები ფოკუსირებულია შესაძლო გაცვლისთვის „საველე პირობების შექმნაზე“, რაც პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას გულისხმობს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის საკითხზე შეთანხმება მალე მიიღწევა.
„ნეთანიაჰუ ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი შეთანხმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველა ქვეყანა პოზიტიურადაა განწყობილი. თითქმის ყველა სახელმწიფო მუშაობს ამ შეთანხმებაზე და ცდილობს მის მიღწევას. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. ნამდვილად კარგი შანსი გვაქვს და ეს იქნება გრძელვადიანი შეთანხმება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
“ჰამასმა” განაცხადა, რომ ნაწილობრივ ეთანხმება სამშვიდობო გეგმის წინადადებებს, თუმცა არ უპასუხა რამდენიმე ძირითად მოთხოვნას, მათ შორის განიარაღებას და ღაზას მმართველობაში რაიმე როლის არქონას.