უკრაინის მთავრობა თავდაცვისთვის დამატებით 324.7 მილიარდ გრივნას გამოყოფს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე თავდაცვისთვის დამატებით 324,7 მილიარდი გრივნაა გამოყოფილი.

როგორც Ukrinform-ი იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ Telegram-ზე განაცხადა.

„წლის ბოლომდე თავდაცვისთვის დამატებით 324.7 მილიარდ გრივნას გამოვყოფთ – დღეს მთავრობამ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა“, – დაწერა მან.

სვირიდენკომ განმარტა, რომ ამ თანხიდან 310 მილიარდ გრივნაზე მეტი საერთო ფონდში წავა, მათ შორის 301 მილიარდი გრივნა თავდაცვის სამინისტროსთვის.

კერძოდ, 202 მილიარდი გრივნა სამხედრო პერსონალის ხელფასებს მოხმარდება; 100 მილიარდი გრივნა – იარაღის, ძირითადად ყველა ტიპის დრონების, მათ შორის ბოჭკოვანი ოპტიკური FPV დრონების, ჩამჭრელი დრონების და ღრმა დარტყმის დრონების შესყიდვას; 8 მილიარდი გრივნა – სხვა სამხედრო ხარჯებისთვის, როგორიცაა ტრანსპორტი, საწვავი და ოპერაციული ხარჯები.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება განპირობებულია ფრონტის ხაზზე არსებული დინამიკით და მუდმივად ცვალებადი საბრძოლო პირობებით.

„რუსეთი არ ჩერდება; ის ცვლის ტაქტიკას ბრძოლის ველზე და აძლიერებს თავდასხმებს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მოქნილობა და სწრაფად მოვახდინოთ ჩვენი ხარჯების ადაპტირება, რათა ჩვენს სამხედროებს მივაწოდოთ ყველა საჭირო საშუალება და რესურსი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები