კვლევის თანახმად, შვეიცარიაში მყინვარები უპრეცედენტო ტემპით დნება

შვეიცარიაში მყინვარები, 2025 წელს, უპრეცედენტო სისწრაფით მცირდება, — ამის შესახებ შვეიცარიის გლაციოლოგიური კომისიის (SCNAT) ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

მეცნიერების შეფასებით, მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში, მყინვარებმა, საშუალოდ, 6%-ზე მეტი მოცულობა დაკარგეს, რაც ქვეყნის კლიმატურ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე მაჩვენებლად მიიჩნევა.

ექსპერტების თქმით, დათბობის ტემპის ზრდამ, ტემპერატურის რეკორდულმა მაჩვენებლებმა და ზაფხულის განმავლობაში ნალექის დეფიციტმა, მნიშვნელოვნად დააჩქარა მყინვარების დნობა.

განსაკუთრებით დაზარალდა ალპების ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი, მათ შორის, შვეიცარიის ყველაზე დიდი “ალეჩის” მყინვარი.

მყინვარების დნობა გლობალური ტენდენციის ნაწილია. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წელს გრენლანდიისა და ანტარქტიდის გარეთ მყინვარებმა 450 მილიარდი ტონა ყინული დაკარგეს, რაც 7 კილომეტრიანი ყინულის კუბის ეკვივალენტია.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყნის ნახევარზე მეტი მყინვარი, შესაძლოა, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში სრულად გაქრეს.

შვეიცარიის ხელისუფლება აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებების შეჩერება და ადაპტაციის ღონისძიებები პრიორიტეტად რჩება, თუმცა მეცნიერები ეკოსისტემების დაცვის მიმართულებით უფრო მკვეთრ ზომებს მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები