სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინაში ომის მიმართ ევროკავშირის მიდგომა გააკრიტიკა.
მისი თქმით, სლოვაკეთის ამჟამინდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკის მიზანი რუსეთის ფედერაციის დამარცხება არ არის.
“ჩვენი მიზანია ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, რათა სლავებმა ერთმანეთის ხოცვა შეწყვიტონ. ომი შეიძლებოდა დამთავრებულიყო დაწყებიდან სამი თვის შემდეგ”, – აცხადებს ფიცო.
მანვე დასძინა, რომ ვიღაცას კონფლიქტის გამოყენება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად სურდა.
“ომი გამოსავალი არ არის. ევროკავშირს მშვიდობაზე იმდენი ენერგია რომ დაეხარჯა, რამდენსაც უკრაინაში ომის მხარდაჭერაზე, ომი შეიძლებოდა დიდი ხნის წინ დასრულებულიყო”, – თქვა ფიცომ.