პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის შესაბამისად, მზადაა, გაათავისუფლოს ყველა ცოცხალი ისრაელელი მძევალი და გადასცეს დაღუპულთა ცხედრები.
„ „ჰამასის“ მოძრაობა აცხადებს მზადყოფნას, გაათავისუფლოს [ისრაელის] ყველა ცოცხალი მძევალი და [გადასცეს] მათი ცხედრები ტრამპის მიერ შემოთავაზებული გაცვლის ფორმულის შესაბამისად და გაცვლისთვის „ადგილზე“ აუცილებელი პირობების დაცვით. ამასთან დაკავშირებით, „ჰამასი“ ადასტურებს მზადყოფნას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით, რათა დეტალურად განიხილონ ეს საკითხი“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „ჰამასი“მის 20-პუნქტიან წინადადებას კვირამდე დადებითად არ უპასუხებდა, ამას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ღაზაში სამშვიდობო მოლაპარაკების 20-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. წინადადება, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას.