ვანო მაჭავარიანი: მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა არასოდეს იგეგმებოდა

მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა არასოდეს იგეგმებოდა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა “პირველ პრესკლუბში” განაცხადა.
მაჭავარიანმა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას გეგმავდა, განმარტება გააკეთა.
მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის თქმით, მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს, რადგან ინტერვიუში ის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ მოსამზადებელ იმ სამუშაოებზე საუბრობდა, რომელიც შეხვედრის შინაარსობრივ მხარეს ეხებოდა.
“მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა არასოდეს იგეგმებოდა. მე ამ თემაზე ვისაუბრე “კვირის პალიტრის” ჟურნალისტთან, როდესაც საუბარი იყო რუსულ-ქართულ-აფხაზურ კრიზისზე და იმ სიტუაციაზე, რომელიც შეიქმნა პუტინის განცხადების შემდეგ, რომ ის წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ საქართველოს პრეზიდენტი მოისურვებდა მასთან შეხვედრას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პუტინი-მარგველაშვილის ვიზიტის დაგეგმვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ მიმდინარეობდა. ჩვენ (და მე პირადად, რომელსაც უშუალოდ დავალებული მქონდა საგარეო მიმართულებები) ვალდებულები ვიყავით, პრეზიდენტ მარგველაშვილის საჯარო მზაობის პირობებში – შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, თუ განხილული იქნება ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ოკუპაცია, თემატურად, შინაარსობრივად მოგვემზადებინა ეს საკითხები.
შემდეგში გაიმართა შეხვედრები (და არა მოლაპარაკებები) მთავრობის წამომადგენლებთან, ბატონ ზურაბ აბაშიძესთან მქონდა უშუალოდ საუბარი, ასევე დავით ზალკალიანთან და სხვებთან, მათ შორის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ამ შეხვედრის მიზანშეწონილობის შესახებ. გვაინტერესებდა, რამდენად მზად არის ქართული მხარე ამ შეხვედრის სწორად ორგანიზებისთვის. მთავრობამ არ მოინდომა ეს შეხვედრა. აღმოჩნდა, რომ ამ თემებისთვის ნიადაგი არ იყო მომზადებული. შესაბამისად, ჩვენ დავთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ეს თემა გადაიდო თუ დაიხურა”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას დღესაც იგივე პოზიცია აქვს, – რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები