უკრაინამ რუსულ ქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, უკრაინამ პერმის მხარეში მდებარე ქიმიურ საწარმოზე დრონებით თავდასხმა განახორციელა,- ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აზოტი“ რუსეთის ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი უდიდესი საწარმო და „ურალქემის“ ფილიალია.
პერმის გუბერნატორის თქმით, ქარხანაში “ტექნოლოგიური ციკლის დროებითი შეჩერება” მოხდა.
მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად წარმოების ინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
უკრაინის მხარეს ინციდენტზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კიევი მსგავსი ოპერაციების მიზნად რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის დაზიანებას ასახელებს.