ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო — ქვეყანა ახალ პოლიტიკურ კურსს ირჩევს

ჩეხეთში დღეს ორდღიანი საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, რომელშიც ქვეყნის 8 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ახალ საკანონმდებლო ორგანოს — დეპუტატთა პალატას ირჩევს.

კენჭისყრა 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო უბნები დღეს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათამდე იქნება ღია. ხვალ უბნები 8:00-დან 14:00 საათამდე იმუშავებს. არჩევნების პროცესს ეუთოს (OSCE) საერთაშორისო მისია აკვირდება.

როგორც ” როიტერი” წერს, არჩევნები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ მომენტად განიხილება — ისინი განსაზღვრავენ, შეძლებს თუ არა მოქმედი პრემიერი პეტრ ფიალა (Petr Fiala) და მისი მმართველი კოალიცია SPOLU (სამოქალაქო დემოკრატები, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი და TOP 09) ხელისუფლების შენარჩუნებას, თუ ძალაუფლებაში დაბრუნდება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში (Andrej Babiš) და მისი პარტია ANO.

საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტია, ხოლო მთავრობას, უმრავლესობის ფორმირებისთვის, პარლამენტის 200 ადგილიდან 101-ის მოპოვება დასჭირდება. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ შედეგების გამოცხადების შემდეგ მოლაპარაკებები კოალიციის შექმნაზე რამდენიმე კვირას გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები