მერცმა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ორბანი გააკრიტიკა
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, კოპენჰაგენში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დროს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა,- ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ცნობით, კანცლერმა ორბანი ბლოკის უსაფრთხოების საჭიროებებთან დაკავშირებული დისკუსიების ჩაშლაში დაადანაშაულა.
როგორც მედია აღნიშნავს, დაპირისპირება მოხდა დისკუსიის დროს, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, უკეთ დაიცვას თავი რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან.
“ეს დავა ევროკავშირის იმედგაცრუების უახლესი გამოვლინებაა ორბანის მიმართ, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაბლოკად ვეტო გამოიყენა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბლოკი ცდილობს, თავდაცვის აღდგენის გეგმების გარშემო გაერთიანდეს”,- წერს Bloomberg-ი.