“გიორგი გაბუნიას გადაცემა პოლიტიზებული და პოლარიზებული იყო“

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკის და სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელი ამირან გიგუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გიორგი გაბუნიას გუშინდელ გადაცემას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის პოლიტიზებული და პოლარიზებული იყო. აღნიშნული განცხადება ამირან გიგუაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„გიორგი გაბუნიას გუშინდელი გადაცემა პოლიტიზებული და პოლარიზებული იყო. მსგავსი ტიპის გადაცემებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილებებზე. ეს იყო შოუ, რომლის ერთადერთი მიზანი მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების პოზიციის წარმოჩენა იყო და არა სამართლებრივი ანალიზი. ასევე, გადაცემაში არაერთგზის დაფიქსირდა პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა და ორივე მხრიდან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. გადაცემის პირდაპირი ორიენტაცია მხოლოდ შოუ იყო“, – განაცხადა გიგუაშვილმა და მედიასაშუალებებს სტანდარტების დაცვა ურჩია.
„ორგანიზაცია მიესალმება და აღიარებს კანონმდებლობით დადგენილი ჟურნალისტური თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას. ორგანიზაცია ასევე სრულად იზიარებს მედიასაშუალებების და ჟურნალისტების უფლებას, შეუზღუდავად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ეტაპზე დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია კონკრეტული მოვლენების მიმართ. ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მნიშვნელოვანი და რეზონანსული სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების წინა დღეს, გავლენიანმა მედიასაშუალებებმა საკუთარ ეთერში მოიწვიონ უკიდურესად პოლარიზებული ჯგუფები, რომელთა შორისაც დაპირისპირების ალბათობა წინასწარგანჭვრეტადი და ადვილად პროგნოზირებადია.
ასევე შემაშფოთებელია, რომ ამავე გადაცემაში, რომელიც მნიშვნელოვანი სასამართლო გამოძიების მიმდინარეობას ეძღვნება, აშკარად იგრძნობა გასაშუქებელი საკითხისადმი ობიექტურობის კრიტერიუმით შერჩეული სამართლის სპეციალისტების ნაკლებობა, რაც თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული გადაცემის შინაარსს, დასმული საკითხისადმი კვალიფიციური და დაბალანსებული გაშუქების თვალსაზრისით.
„ღრმა პატივისცემით და ჟურნალისტური საქმიანობისადმი სრული მხარდაჭერით მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაიცვან მაღალი ჟურნალისტური სტანდარტები, მათი საქმიანობის პროცესში სასამართლოზე ზეგავლენის გამორიცხვისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნების მიზნით“, – აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები