ევრობანკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა გიორგი ციკოლიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიის რეგიონში, მოლდოვასა და ბელორუსიის რესპუბლიკაში ბრუნო ბალვანერამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ხელმოწერა სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაში შედგა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფილ ბენეტი დაესწრნენ.
დოკუმენტის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი მეწარმეების საკონსულტაციო მომსახურების პროცესში.
როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალზე აღინიშნა, ეს თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით გაძლიერდება პროგრამის საკონსულტაციო კომპონენტი, რომლის მიზანიცაა, უზრუნველყოს მეწარმეების მიერ მიღებული ფინანსური სახსრების რაციონალურად გადანაწილება, კომპანიის თანამშრომელთა უნარების ამაღლება, პროდუქტიულობის ზრდა და მაღალი კონკურენტუნარიანობა. საკონსულტაციო მომსახურებით ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია ისარგებლოს, რომელიც უკვე ჩართულია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერის, ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფის კომპონენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები