ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია რთულდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სახიფათო სიტუაცია, რომელიც ოკუპანტების ქმედებების გამო მთავარი ენერგომომარაგების გარეშეა.

სააგენტოს ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ელექტროსადგური ამჟამად მხოლოდ სარეზერვო დიზელის გენერატორებზე მუშაობს, საწვავის ამჟამინდელი მარაგი კი საკმარისია მათი 10 დღის განმავლობაში მუშაობისთვის.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მითითებების შესაბამისად, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რათა ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიაწოდოს რუსი ოკუპანტების ქმედებების შესახებ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი რეგიონის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით არასტაბილურია, რადგან სარეზერვო სისტემების სრული გათიშვის შემთხვევაში, შესაძლოა, ბირთვული საწვავის დნობის საფრთხე შეიქმნას.

“ენერგეტიკის სამინისტრო, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთვული კატასტროფა და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ოკუპირებული ელექტროსადგური უკრაინის კონტროლს”, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები