იბიცაზე ძლიერი წყალდიდობაა
ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ იბიცასა და ფორმენტერას კუნძულებზე წვიმის გამო წითელი განგაში გამოაცხადა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
წვიმის წითელი განგაში სამშაბათს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ამოქმედდა და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. ესპანეთის კუნძულმა ასევე ჭექა-ქუხილის გამო ყვითელი განგაში გამოაცხადა.
კუნძულის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იბიცაზე მაშველები იმ ადამიანების გადასარჩენად იყვნენ მობილიზებული, რომლებიც, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანებსა და სახლებში იყვნენ ჩარჩენილები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა წყალდიდობის საფრთხის შესახებ და მოუწოდა, თავი შეიკავონ მოგზაურობისა და ღია ცის ქვეშ აქტივობებისგან.
ამ დროისთვის ინფორმაცია დაშავებულებზე არ გავრცელებულა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს საათებში დამატებითი ნალექია მოსალოდნელი.