ანი მიროტაძე გიგა ბოკერიას ყოფილი მაღალჩინოსნების პიარზე დახარჯულ თანხებს ახსენებს

„თუ საჭიროა ინფორმაციების გატანა, რომ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა იცოდნენ სიმართლე იმ პროცესებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ნორმალურია, რომ გარკვეული თანხები ამაში იხარჯებოდეს“, – აღნიშნული განცახდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანი მიროტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
მიროტაძის განცხადებით, ნორმალურია, თუ სახელმწიფო თანხების გადახდა ხდება იმ ინფორმაციის ქვეყნის გარეთ გატანაში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასახავს და ქვეყანას პოზიტიურად წარმოაჩენს, თუმცა, დეპუტატის შეფასებით, მიუღებელია, რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის პიარში თანხების გადახდა.
მიროტაძემ საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს ის თანხები შეახსენა, რომელსაც ქვეყანა ყოფილი მაღალჩინოსნების პიარში ხარჯავდა. „ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება არა მხოლოდ პიარი, არამედ გარკვეული ინფორმაციების გატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნიდან სწორი ინფორმაციები გადიოდეს. თუ ამისთვის ქვეყანა იხდის ფულს, არ ვფიქრობ, რომ ეს ტრაგედიაა. თუ ხდება კონკრეტული პიროვნების ე.წ. პიარი და ამაში სახელმწიფო თანხას იხდა, რასაკვირველია, ეს დანაშაულია. მე ბევრი ფაქტის გახსენება შემიძლია, ძალიან ძვირი უჯდებოდა ხოლმე ქვეყანას კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების გაპიარება. ძალიან კარგად იცის გიგა ბოკერიამ, რაში მიდიოდა თანხები არა მხოლოდ უშიშროების საბჭოდან, არამედ სხვა სპეცფონდებიდანაც. ქვეყანას ქმედითი ღონისძიებებიც უნდა ჰქონდეს, რომ ის პოზიტიურად იყოს წარმოდგენილი. თუ საჭიროა ინფორმაციების გატანა, რომ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა სიმართლე იცოდნენ იმ პროცესებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყნაში ხდება, ვფიქრობ, გარკვეული თანხები ამაში უნდა იხარჯებოდეს“, – აღნიშნა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ International New York Times-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატიის გამოქვეყნება 75 000 ევრო დაჯდა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, სტატიის გამოქვეყნებაში არც მას და არც საქართველოს ბიუჯეტს არაფერი არ გადაუხდია, „საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველო“ კი გამოცემიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამტკიცებს, რომ სტატიის სათაურით – „სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა – პუტინთან „შეკრული“ ივანიშვილი“ გავრცელება სოლიდური თანხა დაჯდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილის სტატია გამოცემა agenda.ge-მ International New York Times-ის პარიზის ოფისს დაუკვეთა სექციაში – მსოფლიო ამბები, სადაც სრულ გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება დაახლოებით 75 000 ევროს შეადგენს. International New York Times-ში დავით უსუფაშვილის სტატია 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სადაც მან აღნიშნა, რომ „მისთვის შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხვა ქვეყანას ემსახურება და ღალატობს სამშობლოს“. ამას გარდა, სტატიაში გამოთქმული იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები