„თუ საჭირო გახდა, უარი უნდა ვთქვათ აბაშიძე-კარასინის ფორმატზე და უფრო შედეგზე ორიენტირებულ ფორმატზე ვიფიქროთ“

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მოუსმენენ.
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანი მიროტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განმარტა, კომიტეტის წევრები დღეს უშუალოდ აბაშიძისგან მოისმენენ მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდის შედეგებს.
მიროტაძე არ გამორიცხავს, რომ გადასახედი გახდეს აღნიშნული ფორმატის ყოფნა – არყოფნის საკითხი. მისი თქმით, ის დღეს თავად აბაშიძისგან მოისმენს, თუ რამდენად ქმედითად მიიჩნევს პრემიერის წარმომადგენელი მოქმედ ფორმატს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ფორმატის შეცვლა და სხვა უფრო ქმედითი ფორმატის შექმნა გახდეს საჭირო.
„ ზურაბ აბაშიძე უკვე მეხუთედ თუ მეექვსედ მოდის პარლამეტში. დღეს მისგან უშუალოდ მოვისმენთ ბოლო მოლაპარაკების შედეგებს. გამიჭირდება ვთქვა, კონკრეტულად ეს ფორმატი არის თუ არა შესაწყვეტი. მე მექნება შესაძლებლობა, მას დავუსვა კითხვა, ამოწურა თუ არა ამ ფორმატმა თავი, და თუ არსებობს რაღაც საკითხები, რომლის გამოც ღირს აღნიშნული ფორმატის გაგრძელება. დიალოგს და მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, ყველა სახის ძალადობა არის დასაგმობი, არც ერთი პრობლემა ძალადობით არ გვარდება, თუმცა ხშირად არის შემთხვევა, როდესაც დიალოგსაც უკვე აზრი არ აქვს. თუ აღმოჩნდა, რომ ეს შემთხვევა სწორედ ასეთია, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ამ ფორმატზე ვთქვათ უარი და უფრო შედეგზე ორიენტირებულ, სხვა ფორმატზე ვიფიქროთ. ცალსახად ვემიჯნები კონფლიქტის შეიარაღებული გზით მოგვარებას“,- განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები